მომსახურების წესები და პირობები
PDF-ის გახსნა1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესებით და პირობებით რეგულირდება შპს „სოლუნექს“ (შემდგომში „პროვაიდერი“) და მის მომხმარებელს შორის ურთიერთობა პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევისას. 1.2. პროვაიდერი იღებს ვალდებულებას მომხმარებელს გაუწიოს ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული მომსახურება, ხოლო მომხმარებელი ეთანხმება რა წესებსა და პირობებს, იღებს ვალდებულებას შეასრულოს წესებით და პირობებით დადგენილი მოთხოვნები და გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 1.3. წინამდებარე წესები და პირობები სრულად ვრცელდება ყველა მომხმარებელსა და სხვა პირზე, რომელიც მიიღებს მომსახურებას პროვაიდერისგან კლიენტთა მომსახურების ფილიალში ან/და სხვაგვარად მიიღებს წვდომას ან გამოიყენებს პროვაიდერის მომსახურებას (სერვისებს/პროდუქტებს). 1.4. პროვაიდერის სერვისების/პროდუქტების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, და სხვა წესებსა და პირობებს (დოკუმენტებს), რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე https://solunex.ge იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ვებ-გვერდზე განთავსებულ პროვაიდერის მომსახურების პირობებს (მათ შორის, მასში შეტანილ ცვლილებებს) მომხმარებელმა არ უნდა ისარგებლოს პროვაიდერის სერვისით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა. 1.5. პროვაიდერის სერვისების/პროდუქტების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი არის ვირტუალური აქტივების სხვა ვირტუალური აქტივების ან სტანდარტული ვალუტის სანაცვლოდ ყიდვა-გაყიდვა პირადი მოხმარების მიზნით, ამასთან ვირტუალური აქტივის მისამართი, რომლის გამოყენებითაც მომცმარებელი ასრულებს ურთიერთგაცვლის ოპერაციას ეკუთვნის თავად მომსახურების მიმღებ პირს და არა სხვა პირს; 2. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესების და პირობების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში: 1.მომხმარებელი - პროვაიდერის მომსახურების მიმღები ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი; 2.ვირტუალური აქტივი - ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას; 3.კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა; 4. მომხმარებლის საფულე/საბანკო ანგარიში - ნიშნავს მდებარეობას, საფულეს, მისამართს, ანგარიშს ან შესანახ მოწყობილობას, რომელიც არ არის შექმნილი პროვაიდერის მიერ და რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ განაცხადში როგორც ადგილი, სადაც უნდა მოხდეს მომხმარებლისთვის ვირტუალური აქტივის და/ან ფიატ ფულის მიწოდება/ჩარიცხვა, წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად.
5.პროვაიდერის საფულე/საბანკო ანგარიში - ნიშნავს ადგილმდებარეობას, საფულეს, მისამართს, ანგარიშს ან შესანახ მოწყობილობას, რომელიც განსაზღვრულია პროვაიდერის მიერ როგორც ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პროვაიდერისთვის მომხმარებლის მიერ ვირტუალური აქტივის და/ან ფიატ ფულის მიწოდება/ჩარიცხვა, წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად. 6.ფიატ (Fiat) ფული - საქართველოს ეროვნული ვალუტა ან უცხოური ვალუტა (მაგ. დოლარი, ევრო, ლარი). 7.განაცხადი - მომხმარებლის მიერ პროვაიდერისადმი მიმართვა პროვაიდერის მიერვე დადგენილი ფორმით (მატერიალური ან ელ. ფორმით), რომლითაც მომხმარებელი გამოხატავს სურვილს/თანხმობას, რომ პროვაიდერმა განაცხადის პირობების შესაბამისად, განახორციელოს ან/და შეაჩეროს/შეწყვიტოს/შეცვალოს ვირტუალური აქტივის მომსახურება. პროვაიდერის მიერ განსაზღვრული დისტანციური საშუალებით გამოხატულ თანხმობას/განცხადებას აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა. წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
3. მომსახურების პირობები
3.1. პროვაიდერის მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ეწვევა პროვაიდერის კლიენტთა მომსახურების ფილიალს. 3.2. მომსახურების პროცესში მომხმარებელი ვალდებულია პროვაიდერს მიაწოდოს სწორი და უტყუარი ინფორმაცია/მონაცემები მის შესახებ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს პროვაიდერს აღნიშნული ინფორმაცია. 3.3. რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს ვალდებულებას გაიაროს, პროვაიდერის მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი. 3.4. მომხმარებლის რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში პროვაიდერს უფლება აქვს მოითხოვოს მომხმარებლისგან ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3.5. რეგისტრაციის, წესების და პირობების დადასტურების და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს პროვაიდერის შემდეგი მომსახურებით/პროდუქტებით: - შეიძინოს ან გაყიდოს ვირტუალური აქტივები სხვა ვირტუალური აქტივების ან სტანდარტული ვალუტის სანაცვლოდ პირადი მიზნებისთვის; - ამასთან ვირტუალური აქტივის მისამართი, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი ასრულებს ურთიერთგაცვლის ოპერაციას უნდა ეკუთვნოდეს თავად მომსახურების მიმღებ პირს და არა სხვა პირს;
3.6. ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება პროვაიდერის კლიენტთა მომსახურების ფილიალში, სადაც მომხმარებელი ავსებს შესაბამის განაცხადს და წარუდგენს პროვაიდერს. განაცხადის შევსება და პროვაიდერისთვის გადაცემა ხდება პროვაიდერის კლიენტთა მომსახურების ფილიალში. 3.7. განაცხადის ფორმის შევსებითა და დადასტურებით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას პროვაიდერის მიერ მოთხოვნის შესრულებაზე. მომხმარებლის მიერ დადასტურებით თანხმობა გაცემულად ითვლება და ოპერაცია ავტორიზებულია. თანხმობის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ტრანზაქციის გაუქმება შეუძლია მხოლოდ შესაბამისი საკომისიოს დაკავების პირობით.
3.8. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ პროვაიდერისთვის მიწოდებული დეტალების სისწორეზე და სისრულეზე. 3.9. განაცხადის მიღების დრო არის მომენტი, როდესაც პროვაიდერი იღებს მომხმარებლის მოთხოვნას კონკრეტული ტრანზაქციის შესრულებაზე. მომხმარებელი იღებს შესაბამის დადასტურებას პროვაიდერის მიერ განაცხადის მიღების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება განაცხადში დაფიქსირებული პირობები, მომხმარებელი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას. 3.10. თუ განაცხადი პროვაიდერის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს. 3.11. თუ განაცხადი პროვაიდერის მიერ მიღებულია არასამუშაო საათებში (19:00 საათის შემდეგ) ასეთი განაცხადი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს. 3.12. თუ პროვაიდერი უარს აცხადებს განაცხადის შესრულებაზე იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს. პროვაიდერი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი. 3.13. პროვაიდერი განაცხადის შესრულებას უზრუნველყოფს 3.15 პუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა, გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3.14. თუ განაცხადის დამუშავების ან/და განაცხადის დასრულებამდე შეიცვლება განაცხადის შექმნის დროს დაფიქსირებული კურსი 0,3%-ით ან მეტით, ან თუ ტრანზაქციის დადასტურების პერიოდში ქსელში არის შეფერხებები, განაცხადი ხელახლა გადაითვლება ბაზარზე არსებული მიმდინარე კურსის შესაბამისად ან მომხმარებელს დაუბრუნდება ფულადი სახსრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასაბრუნებელია ვირტუალური აქტივი, დასაბრუნებელ ვირტუალურ აქტივს გამოაკლდება ქსელის მომსახურების საკომისიო. 3.15.ვირტუალური აქტივის და/ან ფიატ ფულის გაცვლა განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირტუალური აქტივი ჩარიცხულ იქნება პროვაიდერის საფულეზე და/ან ფიატ ფული შემოტანილი იქნება პროვაიდერის სალაროში და პროვაიდერი მიიღებს ვირტუალურ აქტივს და/ან ფიატ ფულს. 3.16.ვირტუალური აქტივის პროვაიდერის საფულეზე წარმატებული ჩარიცხვის და პროვაიდერის მიერ ასეთი ვირტუალური აქტივის მიღების შემდეგ, ფიატ ფულის გაცვლა და გადარიცხვა/გადაცემა განხორციელდება პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ელ/საფულეზე ან/და საბანკო ანგარიშზე ან/და გაიცემა მომხმარებლის სასარგებლოდ პროვაიდერის სალაროდან ნაღდი სახით პროვაიდერის მომსახურების ცენტრში ფიზიკურად. ფიატ ფულის პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე ან/და პროვაიდერის სალაროში ნაღდი სახით წარმატებული ჩარიცხვის/განთავსების და პროვაიდერის მიერ ასეთი ფიატ ფულის მიღების შემდეგ, ვირტუალური აქტივის გაცვლა და გადარიცხვა განხორციელდება პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საფულეზე. მხარეთა შორის შეთანხმებულია, რომ ოპერაციები განხორციელდება განაცხადში მითითებული საბანკო ანგარიშების მეშვეობით ან/და პროვაიდერის სალაროს გამოყენებით ნაღდი სახით პროვაიდერის მომსახურების ცენტრში ფიზიკურად. 3.17.პროვაიდერის მიერ ფიატ ფულის ვირტუალურ აქტივზე და/ან ვირტუალური აქტივის ფიატ ფულზე გადაცვლისას ან/და ვირტუალური აქტივების სხვა ვირტუალურ აქტივებზე გაცვლისას, მომხმარებლის საფულეზე ან საბანკო/სალაროს ანგარიშზე ასეთი ვირტუალური აქტივის და/ან ფულის გადარიცხვის/განთავსების შემდეგ, მომხმარებელი ანიჭებს და გადასცემს პროვაიდერს სრულ საკუთრების უფლებას ფიატ ფულზე და/ან ვირტუალურ აქტივზე, რომელიც ეკუთვნის მომხმარებელს და მომხმარებელს აღარ ექნება საკუთრების უფლება აღნიშნულ ფიატ ფულზე და/ან ვირტუალურ აქტივზე. 3.18.მას შემდეგ, რაც პროვაიდერი გაცვლის ფიატ ფულს ვირტუალურ აქტივზე და/ან ვირტუალურ აქტივს ფიატ ფულზე ან სხვა ვირტუალურ აქტივზე, გადარიცხავს ვირტუალურ აქტივს და/ან ფიატ ფულს მომხმარებლის საფულეზე და/ან მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ან/და მომხმარებელს
გადაცსემს ნაღდი სახით პროვაიდერის კლიენტთა მომსახურების ცენტრში ფიზიკურად, პროვაიდერის მიერ წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრი ვალდებულება ითვლება შესრულებულად. 3.19.მომხმარებელს უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს პროვაიდერისგან დამოწმებული დოკუმენტი ოპერაციის შესრულების დასადასტურებლად. განაცხადის შესრულების დამდასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. ინფორმაცია დასრულებული განაცხადების შესახებ ინახება მომხმარებლის პროფილში (პირადი პროფილი) და პროვაიდერის სისტემაში.
4. დამატებითი პირობები
4.1. პროვაიდერი უფლებამოსილია, საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე ან/და ერთჯერადი გარიგების განხორციელებამდე ან/და საქმიანი ურთიერთობისას ნებისმიერ დროს, მომხმარებლისგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც დაკავშირებულია წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან ან/და გამომდინარეობს საკანონმდებლო ან/და მარეგულირებელი მოთხოვნებიდან/წესებიდან. 4.2. პროვაიდერის მოთხოვნის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პროვაიდერს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვირტუალური აქტივის ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ. 4.3. პროვაიდერი უფლებამოსილია, არ შეასრულოს ტრანზაქცია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე. 4.4. პროვაიდერი უფლებამოსილია, მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს სამართალდამცავ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, თუ ასეთი ვალდებულება განისაზღვრება კანონით ან შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნით. ამასთან, პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, კონსულტანტს, მრჩეველს, რომელიც პროფესიონალურ მომსახურებას უწევს პროვაიდერს. 4.5. პროვაიდერი უფლებამოსილია, ტრანზაქციის შესრულებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მესამე პირებს, მათ შორის ბანკებს ან/და სხვა პროვაიდერებს, გადასცეს მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4.6. პროვაიდერი არ იღებს პასუხისმგებლობას შესაძლო შეფერხებებზე, რომელიც გამოწვეული იქნება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე ან/და ტრანზაქციის შესრულებაში ჩართული მესამე პირების გამო/მიზეზით. 4.7. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერს ჯერ არ შეუსრულებია ტრანზაქცია და პროვაიდერი დაადგენს, რომ მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებით და პირობებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან/და საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე მას არ შეუძლია მიიღოს ფიატ ფული და/ან ვირტუალური აქტივი, პროვაიდერი დაუბრუნებს მომხმარებელს ჩარიცხულ ფიატ ფულს და/ან ვირტუალურ აქტივს, ქსელის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4.8. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ: 4.8.1. პროვაიდერისთვის გადაცემული ფიატ ფული ან/და ვირტუალური აქტივი არ არის დანაშაულის შედეგად მოპოვებული და არ ისახავს მიზნად თანხების უკანონო წარმოშობის დამალვას ან შენიღბვას ან ნებისმიერი პირის დახმარებას, რომელიც მონაწილეობს ფულის გათეთრების ან ტერორისტული დანაშაულის ჩადენაში. 4.8.2. მისთვის ცნობილია, რომ ვირტუალური აქტივის ღირებულება შეიძლება იყოს ცვალებადი და რომ მომხმარებლის მიერ მიღებული ვირტუალური აქტივის ღირებულება შეიძლება იყოს განსხვავებული
(უფრო მაღალი ან დაბალი) სამართლიანი საბაზრო ღირებულებისგან ან ვირტუალური აქტივის
ღირებულების სხვა საზომისაგან პროვაიდერის მიერ მისი გადაცვლისას/გადარიცხვისას.
4.8.3. მისთვის ცნობილია, რომ პროვაიდერი რეკომენდაციას არ უწევს რაიმე კონკრეტულ ვირტუალურ
აქტივს, ტრანზაქციას ან ვაჭრობის სტრატეგიას. ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მომხმარებელი და პროვაიდერი არ აგებს პასუხს ან არ კისრულობს
რაიმე ვალდებულებას მომხმარებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე.
4.8.4. მისთვის ცნობილია, რომ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები რისკის
შემცველია და თავად არის პასუხისმგებელი, სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით განიხილოს
ვირტუალური აქტივის ყიდვის ან გაყიდვის მიზანშეწონილობა და შესაბამისობა მის ფინანსურ
მდგომარეობასთან.
4.8.5. პროვაიდერის მომსახურებას იყენებს საკუთარი რისკით, გადაწყვეტილებით და
შეხედულებისამებრ;
4.8.6. პროვაიდერის მომსახურების გამოყენება შესაძლებელია მომხმარებლის იურისდიქციის (მუდმივი
საცხოვრებელი ქვეყნის) კანონმდებლობით;
4.8.7. პასუხისმგებელია ნებისმიერი გადასახადის გადახდაზე ან სხვა იურიდიული ვალდებულების
შესრულებაზე, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს
პროვაიდერის მომსახურებით
სარგებლობისას;
4.8.8. გააჩნია წინამდებარე წესების და პირობების დადასტურების სრული იურიდიული შესაძლებლობა
და უფლებამოსილება;
4.8.9. მომხმარებელი, მისი დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს
წევრები, ასევე მომხმარებლის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები (რაც
ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე მათ შორის წარმოადგენს ნებისმიერ პირს რომელსაც
პროვაიდერის შეფასებით, მათ შორის სანქციის მიზნიდან გამომდინარე, საქმიანი, ნათესაური თუ სხვა
ტიპის მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პირზე ან მის
გადაწყვეტილებებზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს მას) ამ წესების და
პირობების დადასტურებამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს:
4.8.9.1. არ არიან/იქნებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და
გაერთიანებული სამეფოს ან/და ამერიკის შეერთებული შტატების ან/და საქართველოს ან/და რომელიმე
სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე
„უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“),
ან/და მათ მიმართ არ მოქმედებს/იმოქმედებს სანქცია (ამ პუნქტის მიზნებისთვის სანქცია მათ შორის
მოიცავს უფლებამოსილი პირების მიერ განსაზღვრულ შეზღუდვას, პოლიტიკას, აკრძალვას, ან სხვა
სახის მითითებას).
4.8.9.2. არ არიან/იქნებიან იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ
ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
4.8.9.3. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდიათ/დადებენ
ნებისმიერ გარიგებას (მათ შორის ხელს არ შეუწყობენ გარიგების დადებას) ნებისმიერ პირთან ან/და
გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში/მასზე
გავრცელებული იქნება სანქცია ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი ან/და საქმიანობს
ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
4.8.9.4. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაუდია/დადებს ნებისმიერ
გარიგებას (მათ შორის ხელს არ შეუწყობს გარიგების დადებას) ისეთ
მხარესთან/ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც
ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
4.8.10. იმ შემთხვევაში თუ 4.8.10. პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება აღმოჩნდება არასწორი და მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს სანქციის დარღვევას/გვერდის ავლას ან/და აღნიშნულის გამო პროვაიდერის შეფასებით იარსებებს მომხმარებელზე, მისი დამფუძნებლების, მენეჯმენტის ან აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრ(ებ)ზე, ასევე კლიენტის ბენეფიციარ მესაკუთრე(ებ)ზე ან/და მათთან აფილირებულ პირ(ებ)ზე სანქციის გავრცელების რისკი ან/და რომელიმე ზემოხსენებულ პირზე გავრცელებული იქნება სანქცია, პროვაიდერს გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული სხვა ქმედებებისა, ასევე უფლება ექნება იმოქმედოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დაწესებული სანქციის შესაბამისად და განახორციელოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ანდა ორგანოს მიერ დაწესებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, მათ შორის არ მისცეს მომხმარებელს ნებისმიერი ფულადი თანხის ან/და ვირტუალური აქტივის განკარგვის ან/და მართვის შესაძლებლობა.
5. კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ინფორმაციის კონფიდენციალურობა
5.1. პროვაიდერი უფრთხილდება და იცავს მომხმარებლის პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებ-გვერდზე მომხმარებლის სტუმრობისას და პროვაიდერის მომსახურებით სარგებლობისას. 5.2. პროვაიდერი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). 5.3. პროვაიდერი მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს იმ მიზნითა და მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად. 5.4. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით, მომხმარებლის განცხადების/პრეტენზიების განსახილველად/პასუხების გასაცემად ან/და პროვაიდერის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე; 5.5. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების ან მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია პროვაიდერს დაუკავშირდეს შემდეგ მისამართზე: infosolunex@gmail.com 5.6. მომხმარებელს უფლება აქვს უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია/ასლები მის შესახებ დამუშავებული მონაცემების, მონაცემების დამუშავების მიზნის, სამართლებრივი საფუძვლის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა მიმღების ვინაობის და მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის, ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების და ლოგიკის, მონაცემთა შენახვის ვადის ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, დაბლოკვა, გადატანა, მოითხოვოს არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ან/და სასამართლოს. ასევე მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოითხოვს მის მიერ მიცემული თანხმობა. ამასთან, მონაცემების დამუშავებაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილია უარი თქვას მოსახურების გაწევაზე და შეწყვიტოს მასთან გაფორმებული ნებისმიერი სახისა და შინაარსის ხელშეკრულება. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, პროვაიდერის სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების საჭიროებიდან
გამომდინარე ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, შესაძლოა შეზღუდულ იქნას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დაუყოვნებლივი შეწყვეტის, წაშლის, დაბლოკვის ან/და განადგურების შესაძლებლობა. 5.7. ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირების, კვლევისა და განვითარებისთვის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობით, პროვაიდერის სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს მომხმარებლის ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, IP მისამართი, ვებ-გვერდი, რომლიდანაც მომხმარებელი ესტუმრა ვებ-გვერდს, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, პროვაიდერის ვებ-გვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრა მომხმარებელი და ვებ-გვერდზე მომხმარებლის სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა). 5.8. პროვაიდერის ვებ-გვერდზე შესაძლოა განთავსებულ იქნეს მესამე პირის სარგებლობაში არსებული ბმული. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება პროვაიდერის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს პროვაიდერის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, მომხმარებელია პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე. 5.9. მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ წესები და და პირობებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას. 5.10. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე: 5.10.1. რომელიც ცნობილია ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე; 5.10.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან შესასრულებლად; 5.10.3. რომლის გამჟღავნებაც ხდება რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/არბიტრაჟის წესით საკუთარი უფლებების განსახორციელებლად/დასაცავად ან/და აღნიშნული პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით; 5.10.4. რომლის კანონიერად მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან; 5.10.5. რომლის მესამე პირებისთვის მიწოდება ნებადართულია წინამდებარე წესების და პირობების ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის სხვა ნებისმიერი პუნქტის თანახმად. 5.10.6. პროვაიდერი პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
6. დავების გადაწყვეტა
6.1. მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა ამ მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი ყველა დავა ან უთანხმოება გადაწყდეს მოლაპარაკების გზით; 6.2. საკითხის შეთანხმებით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 7.2. პროვაიდერი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები მათ განხორციელებამდე/ამოქმედებამდე ორი კვირით ადრე(ორი) პროვაიდერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://solunex.ge განთავსების გზით. ასევე, პროვაიდერი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს/დააწესოს ნებისმიერი სახის საკომისიო. 7.3. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია განხორციელდება წერილობითი ფორმით. წერილობით ფორმას უთანაბრდება შეტყობინების სარეგისტრაციო მონაცემებში დაფიქსირებული ელ. ფოსტის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია პროვაიდერის მიერ შეტყობინების გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. 7.4. წესებით და პირობებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას; 7.5. წესების და პირობების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან ბათილობა არ იწვევს დანარჩენი პუნქტების გაუქმებას. 7.6. წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია ქართულ ენაზე. ვებ-გვერდზე შესაძლოა განთავსებული იყოს წინამდებარე წესების და პირობების სხვა ენაზე შედგენილი ვერსიაც. ტექსტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვეაში ქართულ ენაზე შედგენილ ტექტს მიენიჭება უპირატესობა სხვა ენაზე შედგენილ ტექსტთან მიმართებაში. 7.7. ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, მომხმარებელს შეუძლია წერილობითი სახით მიმართვა, მისამართზე: გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ფარნავაზ მეფის/კ. გამსახურდიას ქუჩა, N 44/27, სართული 1, ფართი ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: infosolunex@gmail.com .